ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, ვილნიუსის სამიტი დიდი შანსია, ვაჩვენოთ ნატო-ს სიმამაცე
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, ვილნიუსის სამიტი დიდი შანსია, ვაჩვენოთ ნატო-ს სიმამაცე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ნატო-ს ლიდერებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მომავალ კვირას ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ ზელენსკიმ პრაღაში, ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ზოგი ისევ მოსკოვს უყურებს, ზოგს ეშინია რუსეთის, თუმცა მჯერა, რომ ეს დიდი მომენტია, დიდი შანსია იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მთელი ალიანსის სიმამაცე და სიძლიერე. ჩვენ ვსაუბრობთ მკაფიო სიგნალების, კონკრეტული საკითხების შესახებ მოწვევის მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ეს მოტივაცია. გვჭირდება გულწრფელობა ჩვენს ურთიერთობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა კონტრშეტევაზეც. მისი თქმით, მოქმედებები ამ მიმართულებით ნელა, თუმცა ეფექტურად ვითარდება.

„ჩვენ წინ მივიწევთ. ახლა ინიციატივა ჩვენია. შეტევა არ არის სწრაფი, ეს ფაქტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინ მივიწევთ და არა უკან, როგორც რუსები. ამიტომ ამას დადებითად ვუყურებ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის შემდეგ ეწვია. მოლაპარაკებები დაგეგმილია პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.