სენატორი ერიკ შმიტი – ზელენსკის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კანდიდატების აგიტაცია სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა, არ გვჭირდება, რომ უცხო ქვეყნის ლიდერები ჩაერიონ არჩევნებში

21:58, 26.09.2024

ზელენსკის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კანდიდატების აგიტაცია სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა, – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ერიკ შმიტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც სენატორი წერს, არ სჭირდებათ, უცხო ქვეყნის ლიდერები ჩაერიონ მათ არჩევნებში.

„ეს ზელენსკის მხრიდან სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა – ჩარევა ჩვენს არჩევნებში და კანდიდატების აგიტაცია. ეს ამერიკელების არჩევნებია და ჩვენ არ გვჭირდება, რომ უცხო ქვეყნის ლიდერები აშშ-ის ტერიტორიაზე ჩაერიონ არჩევნებში ან დაიჭირონ ვინმეს მხარე“, – წერს ერიკ შმიტი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში ჩავიდა. ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს. „ვიწყებთ ვიზიტს აშშ-ში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ – ნიუ იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ. პენსილვანიაში ვიზიტის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, აშშ-ში უკრაინის ელჩი გაათავისუფლოს. როგორც მან აღნიშნა, „ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც გამიზნული იყო დემოკრატების დასახმარებლად“.

ამასთან, „ფოქს ნიუსმა“ დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეს ზელენსკის პენსილვანიის ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მედია წერს, კომიტეტმა უნდა დაადგინოს, გამოიყენა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტისთვის.

მსგავსი