ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება თუ მოხდა, ეს იქნება ევროპის დასასრული
მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა „ჩერნობილი“ და იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენებს. რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„იწვის ევროპის ყველაზე დიდი ატომური სადგური. ახლა რუსები ტანკებიდან ესვრიან ატომურ ბლოკებს. ისინი აღჭურვილები არიან თბოვიზორებით. ამიტომ მათ ზუსტად იციან, სად ურტყამენ. ისინი ამისთვის ემზადებოდნენ. მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა ჩერნობილი, ვინც იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენებს. რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის. ევროპელებო, გაიღვიძეთ. უთხარით თქვენს პოლოტიკოსებს, რუსული ძალები ცეცხლს უხსნიან ატომურ ელექტროსადგურს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ექვსი ენერგობლოკია, ჩერნობილში კი მხოლოდ ერთი აფეთქდა.
„თუ მოხდა აფეთქება, ბოლო მოეღება ყველას. ეს იქნება ევროპის დასასრული. ეს იქნება ევროპის ევაკუაცია. მხოლოდ ევროპის სასწრაფო ქმედებებს შეუძლია, გააჩეროს რუსული სამხედრო ძალები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები ბირთვული ტერორიზმია.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ატომური სადგურის თავზე, ქალაქ ენერგოდარში ცეცხლი ჩანს. მათივე ინფორმაციით, რუსები ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლის კერამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.