ვოლოდიმირ ზელენსკი - ზამთარში რუსები შეეცდებიან უკრაინული ენერგოსისტემის განადგურებას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს, ჩაიდინოს ბოროტება
ამ ზამთარს რუსები შეეცდებიან უკრაინული ენერგოსისტემის განადგურებას, რადგან რუსეთის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს, ჩაიდინოს ბოროტება და გაიმეოროს ის, რასაც მანამდე აკეთებდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც მთავრობისა და ენერგეტიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვის, აღდგენისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ზომები.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გასაძლიერებლად და ენერგეტიკის მდგრადობისთვის პარტნიორებთან თანამშრომლობს.
როგორც უკრაინის ლიდერი აცხადებს, მიმდინარე კვირას შეთანხმებას მიაღწიეს გერმანიასთან უკრაინისთვის Patriot-ის კიდევ ერთი სისტემის გადაცემის თაობაზე, ასევე ესპანეთთან Hawk დამატებით სისტემებსა და ენერგეტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, იტალიასთან კი უსაფრთხოების ახალი პაკეტის გაზრდაზე.
„რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ყოველთვის აკეთებს იმას, რაც ადრე ჩაუდენია. ყველა შეცდომას იმეორებს. ბოროტებას იმეორებს და როდესაც არაფერი გამოსდით, შემდეგ ფიქრობენ, რომ საკმარისი ბოროტება არ ჩაუდენიათ და კიდევ რა მოიმოქმედონ. ამ ზამთარს რუსი ტერორისტები ისევ შეეცდებიან ჩვენი ენერგოსისტემის განადგურებას. მათ არ შეუძლიათ იმ მოსაზრების აღქმა, რომ უკრაინას ვერ დაიპყრობენ. თუმცა შეეცდებიან, მეტი დარტყმების მიყენებას და ჩვენი თავდაცვისთვის გვერდის ავლას“, – განაცხადა ზელენსკიმ.