ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც მიიტაცა ძვირფასი მიწა ყირიმში, ახსოვდეს, ეს ის მიწა არ არის, სადაც მოსვენებას ნახავენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც მიიტაცა ძვირფასი მიწა ყირიმში, ახსოვდეს, ეს ის მიწა არ არის, სადაც მოსვენებას ნახავენ

ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც მიიტაცა ძვირფასი მიწა ყირიმში, ახსოვდეს , ეს ის მიწა არ არის, სადაც ისინი მოსვენებას ნახავენ. ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს ასეთი შესაძლებლობა, ესაუბრეთ ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის ოლქში. ელაპარაკეთ მათ უკრაინაზე. უთხარით სიმართლე, უთხარით, რომ თავისუფლება იქნება. უთხარით, რომ უკრაინული არმია აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყირიმსაც. უკრაინის დროშა კვლავ აღიმართება იალტის და სუდაკისჯანკოის და ევპატორიის თავზე. ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც მიიტაცა ძვირფასი მიწა ყირიმში, ახსოვდეს: ეს ის მიწა არ არის, სადაც ისინი მოსვენებას ნახავენ. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი გზა გამარჯვებამდე, თუმცა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დღეს აცნობიერებს, სწორედ ასეთია ჩვენი გზა. ასე დასრულდება ეს ომი. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს, ვოლნოვახადან ჩორტკოვამდე, რადგან ეს უკრაინაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის არმიის შეტევის ათობით მცდელობა ჩაშალეს და კონტრშეტევის შედეგად ხერსონის ოლქის ნაწილი გაათავისუფლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა თანამედროვე საარტილერიო სისტემების საჭიროებაზე ისაუბრა.

„დონბასში ბრძოლაში, რომელიც სამხედრო ისტორიაში ნამდვილად შევა, როგორც ევროპაში და ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა, უკრაინის არმია და ჩვენი დაზვერვა ტაქტიკურად მაინც დაამარცხებს რუს სამხედროებს, ეს მოხდება ტექნიკის, განსაკუთრებით კი, საარტილერიო სისტემების რაოდენობის მხრივ რუსების მნიშვნელოვანი უპირატესობის მიუხედავად. ამ ბრძოლის ფასი ჩვენთვის ძალიან მაღალია. ის საშინელია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მხოლოდ უკრაინისთვის თანამედროვე არტილერიის საკმარისი რაოდენობა უზრუნველყოფს ჩვენს უპირატესობას და უკრაინულ დონბასზე რუსეთის შეურაცხყოფას ბოლოს მოუღებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსების ერთ-ერთ ბოლო იერიშს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ექვსი წლის ბავშვი ემსხვერპლა.

„ექვსი წლის ბიჭუნა მოსკოვის ქუჩაზე როგორც აღმოჩნდა, ასევე იყო რუსეთისთვის საშიში მტერი. ჩვენ საქმე გვაქვს აბსოლუტურ ბოროტებასთან. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, წინსვლის გარდა, ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას, ჩვენი ოლქებიდან დამპყრობლების განდევნის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ფრონტის სიგანე 2 500 კილომეტრს აღემატება, იგრძნობა, რომ სტრატეგიული ინიციატივა მაინც ჩვენი იქნება. ჩვენ მოვალთ ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა ჩვენს სოფელში, სადაც ჯერ არ არის ჩვენი დროშა. ისინი არ არის ადმინისტრაციულ შენობებზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინული დროშა იქ ძალიან ბევრია, უბრალოდ ისინი ხალხს აქვს სახლებში. ჩვენ ისინი უკვე ვიხილეთ, როდესაც ხალხი დამპყრობლების წინააღმდეგ პროტესტს მართავდა. ჩვენ მათ კიდევ ვიხილავთ ყველგან, როდესაც დავბრუნდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა დაიბრუნებს ხერსონს, მელიტიპოლს, მარიუპოლს, ენერგოდარს.

​„ამისთვის მხოლოდ საკმარისი რაოდენობის იარაღია საჭირო, რომელიც პარტნიორებს აქვთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.