ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის ხიდი უკრაინისთვის წარმოადგენს სამიზნეს, რადგან მისი საშუალებით ოკუპანტებს იარაღი გადააქვთ, ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც მოაქვს ომი, ნეიტრალიზებული უნდა იყოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი უკრაინისთვის წარმოადგენს კანონიერ სამიზნეს, რადგან მისი საშუალებით ოკუპანტებს იარაღი გადააქვთ. ზელენსკის თქმით, ეს სამიზნე „ნეიტრალიზებული“ უნდა იყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე დისტნაციურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, რადგან ეს არის ჩვენი სუვერენული ტერიტორია. ქერჩის ხიდი არ არის რაღაც მცირე ლოგისტიკური გზა. ის გამოიყენება საბრძოლო მასალების გადატანისა და ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციისთვის. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს არის მტრის ობიექტი, რომელიც აშენებულია საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ამიტომ გასაგებია, რომ ჩვენი სამიზნეა, ხოლო ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც მოაქვს ომი და არა მშვიდობა, უნდა იყოს ნეიტრალიზებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასპენის ფორუმზე ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა მოსალოდნელზე ნელა ვითარდება, ვინაიდან ოპერაცია დაგეგმილზე გვიან დაიწყო.
„იმის გამო, რომ ჩვენ ცოტა გვიან დავიწყეთ, ამან რუსეთს ჩვენი მიწის დანაღმვის და თავდაცვის რამდენიმე ხაზის აგების საშუალება მისცა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, ყველა სირთულის მიუხედავად, უკრაინა წინ მიიწევს.
„ჩვენ არ გვსურდა ჩვენი ხალხის, ჩვენი კადრების და ჩვენი სამხედროების დაკარგა, ჩვენ არ გვსურდა ჩვენი ტექნიკის დაკარგვა და ამიტომ საკმაოდ სიფრთხილით ვუდგებოდით შეტევით მოქმედებებს. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც საპასუხო მოქმედებებმა, შესაძლოა, ტემპი აკრიფოს, რადგან ჩვენ უკვე გავდივართ ზოგიერთ ადგილებს, სადაც არის ნაღმები და ჩვენ გავნაღმავთ ამ რაიონებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.