ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს
ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„ახლა მათ სურთ, შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და საკუთარი ტექნიკა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები ახლოს მოაგორონ ჩვენ პოზიციებთან. რას მოგვცემს ეს?! მხოლოდ დანაკარგის ზრდას. მთელ მსოფლიოში იციან, რომ კრემლი შესვენებებს იყენებს ომის ახალი ძალით გასაგრძელებლად”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა განწირულ მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ფრონტზე წარუმატებლობით და ამიტომ ისინი მზად არიან სხვადასხვა მანიპულაციისთვის.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ მიმართა რუსებს და მოუწოდა მათ, შობის დღესასწაულზე მაინც იპოვონ ძალა, რათა დაძლიონ იმ ერთი ადამიანის შიში, რომელიც რუსეთს ანადგურებს.
„ომის დასასრულებლად სულ სხვა რამეა საჭირო და არა საშობაო ზავი. საჭიროა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 36 საათით მაინც მოიკრიბონ სიმამაცე, გათავისუფლდნენ სამარცხვინო შიშისგან კრემლში მყოფი ერთი ადამიანის მიმართ. თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას, რომელიც უკვე ღრმადაა.. მაგრამ არა ბუნკერში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ომში 110 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ისინი, ვინც ეს ადამიანები საომრად გაგზავნა, ნამდვილად არ აფასებენ სიცოცხლეს და მშვიდობისკენ არ მიისწრაფვიან.
„ომის დასრულება – ეს ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც კი, როდესაც თქვენი რაკეტები და დრონები არ ურტყამენ ჩვენს ქალაქებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორი გრძელდება. თქვენ უკრაინელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევთ. ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ, დენს ურტყამენ. ეს გრძელდება ყოველდღე, ვიდრე თქვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე რჩებიან. და ომი დასრულდება მაშინ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გავყრით. ასე რომ, წაიყოლონ უნიტაზები, მათ ისინი გზაში დასჭირდებათ, და დაბრუნდნენ. გავიდნენ ჩვენს საზღვრებს მიღმა. 1991 წლის საზღვრებს მიღმა”. – განაცხადა ზელენსკიმ.