ვოლოდიმირ ზელენსკი - ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე თუ არ მივიღებთ მკაფიო სიგნალს, როდის შეძლებს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ იქ არაფერი გვესაქმება
ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე თუ არ მივიღებთ მკაფიო სიგნალს, როდის შეძლებს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ იქ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოისმინოს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ომის შემდეგ შეძლებს.
„გვესმის, რომ ომის მიმდინარეობისას ჩვენ ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსში გამართულ სამიტზე ერთ ფრაზად – უკრაინა ნატო-ში შემოვა ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.