ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა გამოვიდეთ და განვდევნოთ ბოროტება ჩვენი ქალაქებიდან, უკრაინელები უკან არ იხევენ, არ ნებდებიან
ჩვენი უკრაინული მიწის ყოველი მეტრი, მოპოვებული რუსი სამხედროების მიმართ პროტესტითა და დამცირებით, არის მთელი უკრაინის გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართავში განაცხადა.
„ეს არის სიცოცხლის შანსი. უკრაინელებო, ჩვენს ყველა ქალაქში, სადაც მტერი შემოვიდა, იგრძენით ეს, გადადით შეტევაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მოსახლეობას ქუჩაში გასვლისა და ბრძოლისკენ მოუწოდა ყოველ ჯერზე, როცა ამის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მისი თქმით, ამას აკეთებენ ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში, კონოტოპში.
„ჩვენ უნდა გამოვიდეთ და განვდევნოთ ეს ბოროტება ჩვენი ქალაქებიდან, რათა არ შექმნან დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მსგავსი, სადაც ნორმალური ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია – მხოლოდ მონობა, მხოლოდ მუხლებზე ყოფნა“, – თქვა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი სულით ძლიერია და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, დამაჯერებლობის გამოვლენის საშუალებას კი, პროტესტი და წინააღმდეგობა იძლევა. მისი თქმით, განსაკუთრებული გმირობაა პროტესტი, როდესაც შენი ქალაქი ოკუპირებულია, თუნდაც ეს დროებითი იყოს.
„როცა არ გაქვს იარაღი და გესვრიან, შენ კი არ გარბიხარ. როცა არ გაქვს ჯავშანი და შენკენ ჯავშანტრანსპორტიორი მოდის და შენ არ მიდიხარ. ამიტომ, ოკუპაცია დროებითია, ის ხელოვნურია. ჩვენი ხალხი, ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ. ისინი არ ნებდებიან. არ წყვეტენ წინააღმდეგობას. ისინი ოკუპანტებს უყვირიან – „წადით სახლში“. ხერსონში თავისუფლების მოედანი მთელი უკრაინაა. კონოტოპის ქუჩები, სადაც ადგილობრივები ოკუპანტებს უყვირიან – უკრაინაა. უკრაინა, რომელიც ჩვენ ვიცით, გვიყვარს, ვიცავთ და არცერთ მტერს არ დავუთმობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.