ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის გამართვა შემოდგომით სურს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის გამართვა შემოდგომით სურს

უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის გამართვა შემოდგომით სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ახლა ხუთი ორიენტირი აქვს, რომელთაგან მთავარი მშვიდობის ფორმულის განხორციელებაა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მიმდინარე კვირას საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება სახელმწიფოების ლიდერებისა მრჩევლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თითქმის 40 ქვეყანა.

უკრაინის ლიდერის თქმით, პირველი ასეთი შეხვედრა კოპენჰაგენში გაიმართა.

„მესამე ნაბიჯი იქნება მშვიდობის გლობალური სამიტის ორგანიზება. ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს ამ შემოდგომას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის სხვა ძირითად პრიორიტეტებს შორის ზელენსკიმ დაასახელა იარაღი და სანქციები; უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, უსაფრთხოების გარანტიების და სამეზობლო პოლიტიკა; ეკონომიკა და აღდგენა; უკრაინაში და საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელები.