ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას 400-500 ათასი ადამიანის მობილიზაცია დამატებით დაახლოებით 500 მილიარდი დაუჯდება
უკრაინას დამატებით 400-500 ათასი ადამიანის მობილიზაცია დამატებით დაახლოებით 500 მილიარდი დაუჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხედროებმა ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე კიდევ 450-500 ათასი ადამიანის მობილიზების შესახებ განაცხადეს, მაგრამ ახლა ეს საკითხი განხილვის პროცესშია.
ზელენსკიმ ამ ციფრებს „ძალიან სერიოზული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მეტი არგუმენტი სჭირდებოდა „ამ მიმართულების“ მხარდასაჭერად, რადგან „ეს არის ხალხის, სამართლიანობის, თავდაცვის შესაძლებლობებისა და ფინანსების საკითხი“.
„ამ ფორმატში მობილიზება უკრაინას დამატებით 500 მილიარდი გრივნა დაუჯდება. ამიტომ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი და ადამიანი, რომელიც დიდ დროს უთმობს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას, მინდა გავიგო პრემიერ-მინისტრისგან და ფინანსთა მინისტრისგან, საიდან უნდა მოვიპოვოთ თანხა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებთან იმ ჯარების ნაწილის დემობილიზაციის საკითხი დააყენა, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინას იცავდნენ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალთა სავალდებულო მობილიზებას მხარს არ დაუჭერს.
ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხელს მოაწერს თუ არა კანონს, თუკი ამ კანონში გათვალისწინებული იქნება ქალებისა ან 27 წლამდე ასაკის მამაკაცების მობილიზება.
„ქალებთან დაკავშირებით – არა, ხელს არ მოვაწერ. რაც შეეხება 25 წლის ასაკს – თუ ყველა არგუმენტი იქნება წარმოდგენილი. დღეის მდგომარეობით, მე ვხედავ, რომ ეს საჭიროა, მაშინ ამას დავეთანხმები“, – განაცხადა ზელენსკიმ.