ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ერთად უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილ ყველა დანაშაულს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და პროკურორებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებები. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მანამდე ზელენსკი შეხვდა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების პროკურორებს.
„უკრაინამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი ერთად, რათა შევეწინააღმდეგოთ ყველა დანაშაულს და უსამართლობას, რომელიც რუსეთის აგრესიის დროს იყო ჩადენილი. ამან გააერთიანა ცივილიზებული სამყარო და ამან უნდა დაადასტუროს, რომ საერთაშორისო კანონი მოქმედებს, და რომ პრეზიდენტი პუტინი და მისი მოკავშირეები სათანადო ვერდიქტებს მიიღებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მათ უკვე აღრიცხეს რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე ჩადენილი 70 000-ზე მეტი სავარაუდო ომის დანაშაული. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს ხანში უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი გაიხსნება, რომლის თანამშრომლები რუსეთის დანაშაულებების მტკიცებულებებს შეაგროვებენ.