ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისგან დაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას, ეს არის გარანტი, რომ ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას
ყოველი რუსული ტერაქტი არის არგუმენტი იმისა, რომ ოკუპანტებს უკრაინის მიწაზე დარჩენის შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინელები ფრონტის წინა ხაზზე აქტიურად იბრძვიან.
„ახლა ჩვენი მეომრები სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან აქტიურად ანადგურებენ მტერს, ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ეს გაგრძელდება მომავალშიც. ტერორისგან დაცვა ნიშნავს ტერორისტების განადგურებას. ეს არის გარანტი, რომ ბოროტ სახელმწიფოს აღარასოდეს ექნება შესაძლებლობა, ბოროტება მოუტანოს უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, განაგრძობენ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მიზნით.