ვოლოდიმირ ზელენსკი - სისულელეა, გვქონდეს იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას, ეს ყველას საერთო დავალებაა
გამარჯვების იმედზე პასიურად ყოფნა სისულელეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან დღეს სამხედრო მაღალჩინოსნებთან მორიგი თათბირიც გამართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ვითარების საკითხები განიხილეს.
„შარშანდელთან შედარებით, ბევრ ადგილას ახლა უფრო სიმშვიდეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ომი უგულებელყოთ ან ნაკლებად ორიენტირებული იყოთ სახელმწიფოს დახმარებაზე. სისულელეა, გვქონდეს იმის იმედი, რომ ვინმე სხვა მოგვიტანს გამარჯვებას. ეს ყველას საერთო დავალებაა. იმარჯვებს ის, ვინც ამისთვის იბრძვის და ვინც აწვდის იარაღს; ვინც ამცირებს ტერორისტული სახელმწიფოს შესაძლებლობებს, ვინც ზრდის უკრაინის შესაძლებლობებს. დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, დიდება ჩვენს ძლიერ ხალხს, დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ზელენსკიმ.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ ბიზნესმენს, ფილანტროპ ჰოვარდ ბაფეტს შეხვდა, რომელიც ბუჩასა და ხარკოვში ახალ ქარხანას ააშენებს. ზელენსკის თქმით, ქარხანა სასკოლო კვების რეფორმის ნაწილი გახდება.