ვოლოდიმირ ზელენსკი - შონ პენმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, რომელიც უკრაინაში გამარჯვებამდე იქნება
ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ჩავიდა. შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელსაც მსახიობი უკრაინაში ომის დასრულებამდე დატოვებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ამჯერად, ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა შონ პენს გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მსოფლიოში უკრაინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.