ვოლოდიმირ ზელენსკი - საომარი მდგომარეობა ითვალისწინებს ადამიანებისა და ყველა რესურსის მობილიზაციას, ჯარის ნახევარი თუ შინ წავა, მაშინ პირველივე დღეს უნდა დავნებებულიყავით
ვოლოდიმირ ზელენსკი - საომარი მდგომარეობა ითვალისწინებს ადამიანებისა და ყველა რესურსის მობილიზაციას, ჯარის ნახევარი თუ შინ წავა, მაშინ პირველივე დღეს უნდა დავნებებულიყავით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საომარი მდგომარეობა, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს 25 წლიდან ზემოთ მოქალაქეების მობილიზაციას, ხოლო სამხედროების სახლში დასაბრუნებლად საჭიროა, რუსეთი აიძულონ, ომი სწრაფად დაასრულოს.

„კანონმდებლობის თანახმად, დღეს 25 წლის და ზემოთ ასაკის მოქალაქეების მობილიზაცია ხდება. მობილიზაცია მიმდინარეობს და აკომპლექტებს საკმარისი რაოდენობის ადამიანებს. მათ აქვთ როტაციები ან შვებულებები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამის ხარისხზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს მოთხოვნები სამხედროების სახლში დაბრუნების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.

„ანუ, საომარი მდგომარეობა ითვალისწინებს ადამიანებისა და ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის მობილიზაციას. აბსოლუტურად ყველას. სამწუხაროდ, ეს არის ამ ომის გამოწვევა, ამიტომაც არის საჭირო მისი დასრულების მაქსიმალურად დაჩქარება. რუსეთი უნდა ვაიძულოთ, დაასრულოს ეს ომი. ჩვენ დღეს თავს ვიცავთ. თუ ხვალ, მაგალითად, ჯარის ნახევარი უბრალოდ შინ წავა, მაშინ პირველივე დღეს უნდა დავნებებულიყავით. ასეა ეს. იმიტომ, რომ თუ ხვალ ხალხის ნახევარი შინ წავა, პუტინი ყველას დაგვხოცავს“, ​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.