პეტერ მადიარი ევროკავშირის ბიუჯეტზე მოლაპარაკებებს „კაიროს, ტუნისის ან მარაკეშის ბაზარს“ ადარებს – „ბუდაპეშტი არ დათანხმდება, უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის ბიუჯეტის სავალდებულო ნაწილად იქცეს“

13:55, 24.11.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გააკრიტიკა ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტის პროექტი და განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ დათანხმდება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტის სავალდებულო ნაწილად იქცეს. ამის შესახებ მადიარმა „ვიშეგრადის ჯგუფის“ ლიდერების სამიტის შემდეგ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ბრიუსელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მოლაპარაკებების დასაწყებად სრულიად მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, მზად ვარ ხუთშაბათსა და პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, უფრო სასარგებლო იქნებოდა გონივრული წინადადების წარმოდგენა, ნაცვლად იმისა, რომ კაიროს, ტუნისის ან მარაკეშის ბაზარი მოვაწყოთ“, – განაცხადა მადიარმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მადიარის თქმით, უნგრეთი – სლოვაკეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ავსტრიის მსგავსად, სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მზად არის დახმარების გასაწევად, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. თუმცა, უნგრეთის პრემიერის აზრით, ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს ისედაც გადატვირთული ბიუჯეტის ფარგლებში სავალდებულო შენატანები არ უნდა დააკისროს და ამ საკითხით მოლაპარაკებებზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს.

ბრატისლავაში გამართულ სამიტს უნგრეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები, ასევე ავსტრიის კანცლერი კრისტიან შტოკერი ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემები კონკურენტუნარიანობა, მიგრაცია და ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი იყო.

ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რეგიონული თანამშრომლობა კვლავ ქმედითია. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვიშეგრადის ოთხეულს შორის საერთო ენის გამონახვა უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებასა და მადიარის ანტიკორუფციულ ძალისხმევას დაუკავშირა.

საბიუჯეტო პროექტის გარშემო არსებული დავა ევროკავშირის დონეზე გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება ევროკავშირის საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც 26–27 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი