ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ, ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიების მიმართ, მათი მიწა არ გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკში მიმდინარე ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ერთ ტერიტორიას მეორეზე არ გაცვლის.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. მე ამას ყოველთვის ვამბობდი. ჩვენი ოპერაციები მიმართულია იმისკენ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმიტომ აგვყავს, რომ ისინი ჩვენს სამხედროებზე გავცვალოთ. ასეთივე დამოკიდებულება ტერიტორიების მიმართ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა, იქ ჩვენი უკრაინული ცხოვრება დავნერგოთ. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მესმის, რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა დაკავებულ რუსეთის ტერიტორიას იმდენ ხანს შეინარჩუნებს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
მისი განცხადებით, კურსკის ოპერაცია არის უკრაინის გამარჯვების დიდი გეგმის ნაწილი, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარებს.
როგორც ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთმა კურსკის ოლქში 60 ათასი სამხედრო გადაისროლა.
„კურსკის ოპერაციის ერთ-ერთი მიზანია რუსული ჯარების მათსავე ტერიტორიაზე მობილიზება. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით იქ 60 ათასამდე სამხედრო რამდენიმე ადგილიდან გადაიყვანეს. ადგილებიდან, სადაც სირთულეების საფრთხე გვქონდა, რადგან არ გვქონდა შეიარაღების იგივე პაკეტები”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მდგომარეობა იქამდე მიდიოდა, რომ უკრაინას რუსეთის 12 ჭურვზე მხოლოდ ერთი ჭურვით შეეძლო ეპასუხა. მისი თქმით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქიდან რუსეთის ძალების ნაწილის გაყვანის შემდეგ კი ჭურვების თანაფარდობა ერთი სამთან გახდა.