ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში სანქციებს ვგულისხმობდი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში სანქციებს ვგულისხმობდი

რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმებში სანქციებს ვგულისხმობდი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ითხოვდა რუსეთის მიმართ პრევენციული სანქციების დაწესებას. უკრაინის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, რადგან „რუსეთმა უკვე დაიწყო საკუთარი საზოგადოების მომზადება ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის“.

„ეს იყო ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე, რუსეთის შემოჭრამდე. მე ვთქვი, რომ ჩვენ წამოვწიეთ პრევენციული დარტყმების, სასანქციო დარტყმების თემა. არა დიალოგის, არა სიტყვების, არამედ დარტყმების – სულ ეს არის, რისი თქმაც მსურდა. ახლაც, ევროპული საზოგადოება და პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთი, მუდამ გვიჭერდა მხარს, დიდი მადლობა ამისთვის და აშშ-საც, თქვენ მართლები იყავით. ჩვენ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, მიგვეტანა პრევენციული დარტყმები, რათა რუსეთს და მის საზოგადოებას შეშინებოდა ომის დაწყება. ახლა კი, როდესაც ისინი საუბრობენ ავადმყოფურ იდეებზე ბირთვული იარაღის შესახებ, მე ვამბობ, არ მისცეთ მათ უფლება, ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებას ესაუბრონ. ისინი იწყებენ საზოგადოების მომზადებას. ეს ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიურ უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებასთან ჩართვის დროს განაცხადა, რომ „ნატო-მ პრევენციული დარტყმა უნდა განახორციელოს რუსეთზე, თუ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებას შეეცდება“.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ ზელენსკის რუსეთზე ბირთვული პრევენციული დარტყმის მიტანისკენ არ მოუწოდებია.