ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ იყოს, ინტერვენცია უკვე დასრულებული იქნებოდა
რუსული აგრესიის ფონზე უკრაინა დასავლეთისგან მხარდაჭერას იღებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ასევე არასაკმარისია ის სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსულ ინტერვენციამდე იგი მსოფლიოს სთხოვდა, სათანადო რეაგირება მოეხდინათ და კრემლის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ.
„ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როცა რუსული ჯარი ჩვენ საზღვრებთან იყო გამაგრებული, დასავლეთს ვთხოვდი, შემოეღოთ ისეთი სანქციები, რომ რუსეთს ინტერვენცია ვეღარ გაებედა. მათ ეს არ გააკეთეს. ვეუბნებოდი, გამოხატეთ უკრაინისადმი ისეთი მხარდაჭერა, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებული იყოს, მაგრამ არც ეს გააკეთეს. ახლა კი, ჩვენ უსასტიკესი ინტერვენციის მომსწრენი ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა სამხედრო დანაშაულს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე ახორციელებს. მისი თქმით, ჰუმანიტარულ დერეფანში დევნილებს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ და მშვიდობიან მოსახლეობას ოკუპანტები უმოწყალოდ ხოცავენ.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ იყოს, ინტერვენცია უკვე დასრულებული იქნებოდა. რუსულ ნავთობპროდუქტებს ისევ ყიდულობენ. დასავლური კორპორაციების გარკვეული ნაწილი ისევ რჩება რუსულ ბაზარზე გარკვეული შეთანხმებების საფუძველზე. ესაა მორალურად მიუღებელი. მადლობელი ვართ იმ კომპანიებისა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. აუცილებელია სანქციების მეტი წნეხი რუსეთზე იმ მიზნით, რომ შეწყდეს სასტიკი აგრესია, რისი მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს,“ – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.
ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური სანქციის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.
„შემდეგი სანქციები უნდა ეხებოდეს გაზს, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. მსოფლიოს საპორტო ქალაქები უნდა ჩაიკეტოს რუსეთის გემებისთვის, სატვირთო გადაზიდვები უნდა შეწყდეს და სვიფტში არავითარი გამონაკლისი რუსეთის არცერთი ბანკისთვის არ უნდა დაუშვან. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა რუსული აგრესიისგან დავიცვათ პოლონეთი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა, საქართველო და სხვა ქვეყნები,“ – განაცხადა ზელენსკიმ.