ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის
რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ დონეცკში მძიმე ბრძოლების ფონზე, პარტნიორებმა კიევს თანამედროვე შეიარაღება უნდა გადასცენ.
„დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია – ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არცერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. ამას უნდა – და საჭიროა – დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას შეუძლია პარტნიორებისგან. მადლობა ყველა ლიდერს, ვინც ჩვენ გვეხმარება იმ გაგებისთვის, რომ სწორედ ახლა მოვიდა დრო ახალი ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად, ახალი მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.