ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის ლეგიტიმურობას მხოლოდ პუტინი აღიარებს, ხოლო უკრაინაში პრეზიდენტს ხალხი ირჩევს
პუტინის ლეგიტიმურობას მხოლოდ პუტინი აღიარებს, ხოლო უკრაინაში პრეზიდენტს ხალხი ირჩევს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად უმაღლესი რადა და მისი სპიკერი რჩება.
„პრეზიდენტ ზელენსკის ლეგიტიმურობა აღიარებულია მხოლოდ უკრაინის ხალხის მიერ. მას ირჩევს უკრაინის მოსახლეობა და მე ძალიან მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. ჩვენ თავისუფალი ხალხი გვყავს და, გულახდილად რომ ვთქვა, ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. „ამხანაგი“ პუტინის ლეგიტიმაციას კი აღიარებს მხოლოდ „ამხანაგი“ პუტინი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად უმაღლესი რადა და მისი სპიკერი რჩება. „ზოგადად, თუ მათი სურვილი იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, საჭირო იქნებოდა საომარი მდგომარეობის შესახებ კანონის გაუქმება, სულ ეს არის. მაგრამ მათ ეს არ სურდათ“, – აღნიშნა პუტინმა.