ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, ვიდრე არ დააბრუნებენ ამ ხალხს, მოპარულ ბავშვებს, არ უნდა მიიღონ ფული ევროპული სახელმწიფოებიდან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში გადაიყვანეს, ვიდრე არ დააბრუნებენ ამ ხალხს, მოპარულ ბავშვებს, არ უნდა მიიღონ ფული ევროპული სახელმწიფოებიდან

ომის დაწყებიდან უკრაინის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ესტონეთის პარლამენტში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დეპორტირებული უკრაინელების გადაყვანას რუსეთის ფედერაციის შორეულ რეგიონებში, ართმევენ მათ საბუთებს, პირად ნივთებს, მათ შორის მობილურ ტელეფონებს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები უკრაინელ ბავშვებს მშობლებს აშორებენ და აპირებენ მათი უკანონო შვილად აყვანის მიზნით გადაყვანას რუსულ ოჯახებში.

ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, იპოვონ ინსტრუმენტები, რომლებიც შეაჩერებენ იძულებითი დეპორტაციას და უკრაინელებს სახლებში დააბრუნებენ.

„დღეისთვის 500 000-ზე მეტი უკრაინელი იძულებით გადაადგილებულია. წარმოიდგინეთ, ეს რამდენია. ეს არის, ოკუპანტებს მიზნად რომ დაესახათ მთელი ტალინის გაყვანა. მთელი ქალაქის. ეს თქვენი მოქალაქეების მესამედია. ევროკავშირს აქვს ძალა ამის შეჩერების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ეს ძალა. ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს იძულებით წაყვანილ უკრაინელებს, ვიდრე არ დააბრუნებს ათასობით მოპარულ ბავშვს, მან არ უნდა მიიღოს ფული ევროპული სახელმწიფოებიდან და კომპანიებისგან. ევროკავშირს არ აქვს უფლება იყოს დეპორტაციის სპონსორი. უკრაინამ უახლოეს მომავალში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ომის შემდგომ აღდგენაზე, როცა რუსეთი წააგებს და ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ რუსეთს და მსოფლიოს სხვა პოტენციურ რევანშისტებს, რომ ომი არ მოიტანს წინასწარ დაგეგმილ შედეგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.