უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომს დრონებით დაესხნენ თავს
უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინა რუსეთის ვორონეჟის ოლქში მდებარე აეროდრომს დრონებით დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. საუბარია სამხედრო აეროდრომ „ბორისოგლებსკზე“.
ანონიმური წყაროების ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა კორექტირებადი ავიაბომბების საწყობებზე, „სუ-35“ და „სუ-34“ თვითმფრინავების ანგარებზე, ასევე საავიაციო საწვავის შენახვის ადგილებზე. შეტევის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც აეროდრომის სიახლოვეს გაჩენილი ხანძარია ასახული.
ნასას სისტემამ, რომელიც კოსმოსიდან აკვირდება ხანძრებს, „ბორისოგლებსკის“ აეროდრომთან ახლოს, სულ მცირე, ექვსი ცეცხლის კერა დააფიქსირა.
მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი წერდა, რომ 2 ოქტომბერს ღამით რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში დაახლოებით ოცდაათი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი ინფორმაციით, არავინ დაზარალებულა.
რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ოთხი რეგიონის ტერიტორიაზე სულ 113 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.