ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გათავისუფლებულ დასახლებებში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ზელენსკიმ სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს სისხლიან საპნის ოპერას ჰგავს. ბუჩას შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ანალოგიურ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპირებულ რეგიონებში. იზიუმში, სამარხში 450 ადამიანი აღმოვაჩინეთ, თუმცა არის კიდევ სხვა სამარხები, ნაწამები ხალხი, ზოგან მთელი ოჯახები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ თქვა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინის ჯარის მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ომის მსვლელობა შეიცვალა.

„ომის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – აღნიშნა მან.

როგორც ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთთან ომის შედეგი დამოკიდებულია უკრაინისთვის უცხოური იარაღის სწრაფ მიწოდებაზე. მან დასავლურ და სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვისურვებდით მეტ დახმარებას თურქეთისგან. ვისურვებდით მეტ დახმარებას სამხრეთ კორეისგან. მეტს არაბული მსოფლიოსგან, აზიისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში არსებობს გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით ქვეყნის წარსულის გამო, თუმცა, მისივე თქმით, ამგვარი დახმარება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავი დაიცვას რუსული ფაშიზმისგან.

„ვფიქრობ, რომ თანამედროვე გერმანული აღჭურვილობა, რომელიც იბრძვის სიმართლისთვის, იბრძვის რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ, იქნებოდა სწორედ თანამედროვე გერმანიის ბრძოლა რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.