ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას და იქ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას
ვოლოდიმირ ზელენსკი - მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას და იქ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას

მტერი აგრძელებს მარიუპოლის განადგურებას და იქ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველი დღე იწყება ახალი ამბებით მარიუპოლის თაობაზე, ქალაქზე, რომელსაც რუსი სამხედროები სისტემატურად ანგრევენ.

უკრაინელი ლიდერის განცხადებით, საუკუნეების მანძილზე ბერძენი და უკრაინელი ხალხი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთად ზრდიდნენ შვილებს და აშენებდნენ მომავალს.

„ახლა ეს მხოლოდ ნანგრევებია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენს მშვიდობიან ქალაქს გაუკეთა, მაგრამ ასევე თქვენს მშვიდობიან მარიუპოლს. ეს ქალაქი ყოველთვის იყო დიდი ბერძნული თემის სახლი. უკრაინულ-ბერძნული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. უკრაინასა და საბერძნეთს შორის კავშირი იმდენად ძველია, რომ ახლა მისი საწყისის პოვნა შეუძლებელია. ბერძნული პოლიტიკა ჩვენს შავი ზღვის სანაპიროზე, კულტურული გაცვლა და ვაჭრობა, საზოგადოების ცხოვრება – ეს ყველაფერი ათასობით წლის ისტორიაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ

ზელენსკის თქმით, მათ რეგიონში ქრისტიანობის განვითარება საბერძნეთს უკავშირდება.