ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის
მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მე არ ვყოფილვარ იმ სამიტზე, სადაც მაკრონმა გააჟღერა იდეა. მან თქვა, რომ ისაუბრებდა ახალ შესაძლებლობებზე, როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა და გამიზიარებს ინფორმაციას, როცა ის უკრაინაში ჩამოვა. ის მარტის შუა რიცხვებში უნდა ჩამოვიდეს. თუ რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მანამდე ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრა მაკრონთან, სადაც განიხილეს მრავალი ინიციატივა, როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა ბრძოლის ველზე. ზელენსკის განმარტებით, ამავდროულად, მთავარი ფუნდამენტური ინიციატივა ამ დროისთვის არის ის, რომ პარტნიორებმა შეასრულონ წინა შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდების თაობაზე.
„ჩვენ უნდა გადავრჩეთ და გადარჩენა უკრაინისთვის ნიშნავს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე არ შემიძლია, გაგიზიაროთ, მაგალითად, არტილერიის რაოდენობა, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის რაოდენობა. ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენ გვაქვს შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დროულად უნდა მოვიდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პარიზში 26 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მისაწოდებლად. მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. „დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა მაკრონმა. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პარიზში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ყველაზე ცხარე დისკუსია უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნის საკითხზე იყო, თუმცა მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.