ვოლოდიმირ ზელენსკი - მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო, დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა. მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.
„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის, რომლებიც ნამდვილად ლიდერები არიან უკრაინის დახმარებაში. არ ვაპირებ, მოვძებნო არგუმენტები, რათა დავადასტურო, რომ ბაიდენს სურს უკრაინის ხილვა ნატო-ში. ეს არგუმენტები უნდა იყოს ორმხრივი. ეს ეხება ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას. მჯერა, ჩვენ ნატო-ს ვჭირდებით, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ნატო. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა იქნება ნატო-ში. ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენ აშშ-თან გვაქვს ერთნაირი ხედვა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„კასეტურ საბრძოლო მასალას რაც შეეხება, არსებობს მომენტები, როცა მცირე დეტალებზე უთანხმოება გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბაიდენს, რადგან ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება იყო გამოწვევა აშშ-ისა და კონგრესისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას მხარი დაუჭირეს. მსურს, ამას განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ, სამართლიანობის პერსპექტივიდან. რუსეთი მუდმივად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი კლავენ ჩვენს ხალხს. იყენებენ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას. ჩვენ კი ვამბობთ, რომ კასეტურ საბრძოლო მასალას გამოვიყენებთ მხოლოდ სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. სხვაგან ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული. აუცილებელია სამართლიანობა. ნამდვილად არ არის სამართლიანი, რომ ოკუპანტს დაკავებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და კლავს ჩვენს ხალხს. როგორ უნდა დავიცვათ თავი? ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს და არ ვიყენებთ იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. რაც შეეხება სხვა შეიარაღებას, ჩვენ გვესაჭიროება შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება და ამ საკითხს წამოვწევ პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვით მიმართეს, რა მოლოდინები აქვს „დიდი შვიდეულისგან“, რა გარანტიებს მისცემენ უკრაინას.
„ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების რეალური გარანტიები ჩვენი პარტნიორებისგან. ვგულისხმობ იმას, რომ იურიდიულად ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების რეალური გარანტიები, ესენია: ფინანსური გარანტიები, არის გარანტიები სანქციების სახით, არის დახმარება, თავდაცვითი მხარდაჭერა და ეს შეიძლება, იყოს პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი უსაფრთხოების ქოლგა, პირველი დოკუმენტი. უკრაინას ექნება ორმხრივი დოკუმენტები უკრაინის უსაფრთხოების ყველა გარანტიით და ეს მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც უკვე გვაქვს ან იმ ასპექტებს, რომლებსაც ახლა ვაჟღერებთ, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, თვითმფრინავები. ახლა ყველა ეს ასპექტი განიხილება ორმხრივ დონეზე. უსაფრთხოების ქოლგა გაწევრიანების საშუალებას მისცემს სხვა ქვეყნებსაც. ასე რომ, ყველა პარტნიორისთვის ეს იქნება გაწევრიანების შესაძლებლობა. საუბარი დავიწყეთ ყველა პარტნიორთან, რომლებიც უკვე მეგობრობენ ჩვენთან, მაგრამ არ არიან „დიდი შვიდეულის“ ნაწილი. ვფიქრობ, ეს მართლაც მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.