ვოლოდიმირ ზელენსკი - მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება, როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი
მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.
„უკრაინა წარმოდგენილი იქნება ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე, რადგან ეს პატივისცემაა, მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე, მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირება უკრაინის გარეშე განიხილება და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ეს ფორმულირება მხოლოდ მიწვევას ეხება და არა უკრაინის წევრობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა უკრაინის როგორც მიწვევის, ისე გაწევრიანების ვადა არ არსებობს და ამის ნაცვლად, ემატება „უცნაური ფორმულირება პირობებზე“ უკრაინის მიწვევისთვის.
„როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა, უკრაინა მიიწვიონ ნატო-ში ან გახდეს ალიანსის წევრი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში რჩება ვაჭრობის შესაძლებლობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, გააგრძელოს ტერორი მომავალში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „გაურკვევლობა სისუსტეა“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს სამიტზე განიხილავს.