ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები ქვეყნებს უკრაინის ბიუჯეტისთვის გადაეცათ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნებოდა, ქვეყნებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხები უკრაინის ბიუჯეტისთვის გადაეცათ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის განმარტებით, უკრაინა თავად გადაანაწილებდა ამ თანხებს მოქალაქეებს შორის და ამგვარად, ეს ფული უკრაინის ეკონომიკას დაეხმარებოდა.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მხოლოდ გერმანიაში უკრაინიდან სამხედრო გაწვევის ასაკის 200 ათასამდე მამაკაცი ჩავიდა. ჟურნალისტმა იკითხა, ხომ არ უნდა განიხილოს გერმანიის მთავრობამ ასეთი მამაკაცებისთვის სოციალური დახმარების შემცირება, რომ დაზოგილი თანხით უკრაინას დაეხმაროს?
„მთავრობას თუ სურს უკრაინელების დახმარება, არის ასეთი მომენტი – მაგალითად, რომელიმე ადამიანი გავიდა საზღვარგარეთ და იღებს მხარდაჭერას გერმანიიდან. ჩვენ მადლობლები ვართ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხარს უჭერთ, თუმცა ხდება ისეც, რომ ეს ადამიანი იღებს მხარდაჭერას თქვენგანაც და ჩვენგანაც. ასე ხდება ხოლმე. ახლა არ ვსაუბრობ გერმანიაში ჩვენს უკრაინელებზე, განზოგადებულად ვსაუბრობ. ამიტომ ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, გერმანიას მხარი დაეჭირა უკრაინელებისთვის უკრაინის ბიუჯეტში ფულის მიცემით, შემდეგ კი უკრაინა უკვე გადაანაწილებდა ამ ფულს იმის მიხედვით, სად იმყოფება ეს ადამიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განმარტებით, ახლა უკრაინის ფულის ნაწილი დარჩა ევროპაში, რადგან მოქალაქეები ომს როცა გაურბოდნენ, მათ ქვეყნიდან თანხები გაიტანეს. ამასთან, საზღვარგარეთ დარჩა ევროპის მიერ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ფულიც.
„საბოლოოდ, ჩვენი ფული გავიდა, ევროპული ფული კი დარჩა იქ, სადაც უკრაინის მოქალაქეები დარჩნენ, უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ მაქვს. უბრალოდ, ვისურვებდი, რომ ამისთვის ყურადღება მიგვექცია. მსოფლიო უკრაინელების ფინანსურ მხარდაჭერაზე როცა საუბრობს, მინდა, აღვნიშნო, სად რჩება ამ ფულის უმეტესობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს უკრაინელი ლტოლვილების საკითხის განზოგადება, რადგან არსებობს ბევრი დეტალი.
„არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გავიდნენ ქვეყნიდან და ჰქონდათ გასვლის საკანონმდებლო მიზეზები, შესაძლებლობები, არიან არამობილიზაციის ასაკის პირები, არიან ისინი, ვინც მანამდე წავიდა, არიან სტუდენტები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დიდად მადლობელია იმ უკრაინელების, რომლებიც შინ ბრუნდებიან, მუშაობენ, იხდიან გადასახადებს და ამგვარად ეხმარებიან ეკონომიკასა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.