ვოლოდიმირ ზელენსკი - კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, ეს გვიჩვენებს რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე, რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ
რუსულ შანტაჟს არაფერი მოჰყვა. დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დიპლომატიური შედეგი გვაქვს ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსთვის, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას განაგრძობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, გაერო-მ და პირადად, გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს.
„მოქმედებდა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც. დროული და სამართლიანი რეაგირება მოახდინეს საერთაშორისო ურთიერთობების სხვა წამყვანმა სუბიექტებმაც. ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ჩვენს რეგიონში გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, სხვა არავინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მარცვლეულის დერეფნისა და ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ყირიმის პლატფორმის მუშაობაზე, უკრაინელი სამხედრო ტყვეების და პოლიტპატიმრების დაბრუნებაზე ისაუბრა.
„დეტალურად ვისაუბრეთ ასევე, რუსეთის მუდმივ პროვოკაციებზე, ირანულ დრონებზე, რუსული არმიის სარაკეტო დარტყმებზე. მაგალითად, დღეს დილით რუსულმა თვითმფრინავმა საკრუიზო რაკეტები გაუშვეს ზმეინოეს მახლობლად და ისინი ფაქტობრივად გადაფრინდნენ მარცვლეულის დერეფნის მარშრუტებზე. ყოველი ასეთი რუსული გაშვება, რაც თითქმის ყოველდღიურად ხდება, პირდაპირ საფრთხეს უქმნის სურსათის ექსპორტს. პარტნიორების პასუხისმგებლობაა ერთობლივად იმუშაონ რუსული საფრთხის შესამცირებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მეტყველებს, როცა რუსეთი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
„ალბათ, მოისმინეთ, კრემლში ჰყვებიან, რომ უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. ასეთი განცხადებების განხილვისთვის ღირს ერთი წუთით შეჩერება. 252 დღის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რუსული „სპეციალური ოპერაციის“ რვა თვის შემდეგ, კრემლი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ეს მართლაც საოცარი ცვლილებებია. ეს გვიჩვენებს როგორც რუსული აგრესიის წარუმატებლობას, ასევე იმას, თუ რამდენად ძლიერები ვართ, როცა ერთიანობას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მიმართვაში ასევე ისაუბრა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე და ესპანეთს ახალი თავდაცვითი დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.