ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დაწყება ევროპაში, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ომის მიმდინარეობას მთელი ევროპა ხედავს.
„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გუშინ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე განაცხადა, რომ ევროპას ასეთი რამ ბოლო 75 წლის განმავლობაში არ უნახავს. ეს სიმართლეა, თუმცა ეს მთელი სიმართლე არ არის. ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ეს არის ომის დაწყება ევროპაში, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ. ევროპაში ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, კონტინენტზე არსებობის ყველა წესების წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ საზღვრების ძალით დაყოფაზე. უკვე მეორე დღეა, უკრაინის ქალაქებზე ხორციელდება სარაკეტო დარტყმები, სატანკო კოლონები და ავიათავდასხმები, რომლებიც მაქსიმალურად ჰგავს იმას, რაც ევროპამ დიდი ხნის წინ იხილა – მეორე მსოფლიო ომის დროს და რაზეც ის ამბობდა – „აღარასდროს განმეორდება“. თუმცა აი, ისევ, 2022 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას ხედავთ, მთელი ევროპა ამას ხედავს, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ სრულად, რის გაკეთებას აპირებთ ამასთან დაკავშირებით. როგორ აპირებთ საკუთარი თავის დაცვას, როდესაც ასე ნელა გვეხმარებით ჩვენ უკრაინაში?“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკი ამბობს, ჯერ კიდევ შესაძლებელია აგრესიის შეჩერება და ამისთვის ევროპული სახელმწიფოების მხრიდან საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება.
„ჩამოვთვლი, რაც უკვე მოხდა, ამისთვის ჩვენ მადლობელი ვართ. აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სექტორული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, ყველა უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ, ყველა უმსხვილესი რუსული საწარმოს წინააღმდეგ, დასავლურ ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის წინააღმდეგ. თუმცა რუსული ტანკები ჯერ კიდევ ესვრიან ჩვენს ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს. ჯავშანტექნიკა ჯერ კიდევ უტევს, მათ შორის სამოქალაქო პირებს, უკრაინის რიგით მოქალაქეებს. ევროპა ფლობს საკმარის ძალას, რომ შეაჩეროს ეს აგრესია. რას ველოდოთ კიდევ ევროპული სახელმწიფოებისგან? რუსებისთვის ვიზების გაუქმებას? SWIFT-ისგან გათიშვას? რუსეთის სრულ იზოლაციას? ელჩების გაწვევას? სანავთობო ემბარგოს? საჰაერო სივრცის დახურვას? ყველაფერი ეს დღეს უნდა იყოს მაგიდაზე, რადგან საუბარია ყველა ჩვენგანის, მთელი ევროპის წინაშე არსებულ საფრთხეზე. ჯერ კიდევ შესაძლებელია აგრესიის შეჩერება. საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მოუწოდა რიგით ადამიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, გამოვიდნენ და მოითხოვონ მშვიდობა ევროპისთვის, მშვიდობა უკრაინისთვის, მოითხოვონ ომის დასრულება.
„დარწმუნებული ვარ, მოქმედება რიგით ადამიანებსაც შეუძლიათ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ევროპის ყველა ქვეყანაში. გამოდით თქვენი ქალაქების მოედნებზე და მოითხოვეთ მშვიდობა ევროპისთვის, მშვიდობა უკრაინისთვის, ამ ომის დასრულება. გამოდით მოედნებზე და მოითხოვეთ ომის დასრულება, ეს არის ჩვენი უფლება, ეს არის თქვენი უფლება. როდესაც რაკეტები ვარდება უკრაინაში, ეს ხდება ევროპაში და არა მხოლოდ უკრაინაში. როდესაც რაკეტები კლავს ჩვენს ხალხს, ეს არის ყველა ევროპელის სიკვდილი. მოითხოვეთ ევროპისთვის მეტი დაცვა, მეტი დაცვა უკრაინისთვის, როგორც დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილისთვის. ვიდრე ევროპაში სახელმწიფო ინსტიტუტები არ ჩქარობენ, მიიღონ რეალურად მტკიცე გადაწყვეტილებები, ყველა ევროპელს თავის დედაქალაქში შეუძლია მივიდეს ჩვენს საელჩოში და შემოგვთავაზოს თავისი დახმარება. მოითხოვეთ თქვენი მთავრობებისგან, რომ უკრაინას მისცენ მეტი ფინანსური, სამხედრო დახმარება, რადგან ეს დახმარება არის თქვენი, ევროპის დახმარება. თქვენ თავად ეხმარებით საკუთარ თავს. თუ თქვენ ევროპაში გაქვთ საბრძოლო გამოცდილება და არ გსურთ, უყუროთ პოლიტიკოსების გაუბედაობას, შეგიძლიათ, ჩამოხვიდეთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთან ერთად დაიცვათ ევროპა, სადაც ახლა საჭიროა. თქვენ უკვე გაშანტაჟებდნენ გაზით, თქვენ უკვე გამცირებდნენ და სურთ თქვენი დაყოფა ისევე, როგორც ცდილობენ უკრაინის დაყოფას. დაიცავით საკუთარი თავი ისევე, როგორც ჩვენი ვიცავთ საკუთარ თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შეაჩერონ ადამიანების სიკვდილი.
„მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების სიკვდილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მიმართა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ისინი გაამხნევა.
„ახლა კი მსურს, მივმართო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მტკიცედ იდექით. თქვენ ხართ ყველაფერი, რაც ჩვენს სახელმწიფოს იცავს. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.