ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა, სადაც სამიტში „უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა“ მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხორვატიაში ჩავიდა, სადაც დაგეგმილ სამიტში „უკრაინა – სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა“ მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდება.
„ჩავედი ხორვატიაში პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან, რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და უკვე მესამე სამიტში „უკრაინა – სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა“ მონაწილეობის მისაღებად“, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პლენკოვიჩთან ისაუბრებს თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ფრონტის ხაზზე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციაზე, ასევე უკრაინის აღდგენაზე.
„სამიტზე „უკრაინა+12 ქვეყანა“ ფორმატში განვიხილავთ საერთაშორისო ძალისხმევას მშვიდობის მიღწევისა და მშვიდობის ფორმულის რეალიზაციისთვის, ასევე ურთიერთქმედებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
დუბროვნიკში, ამ ფორმატის სამიტი მესამედ ჩატარდება, პირველი ათენში 2022 წლის აგვისტოში, მეორე – ტირანაში 2024 წლის თებერვალში გაიმართა. შეხვედრის მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოლიდარობისა და მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინისადმი, რომელიც უკვე ორნახევარი წელია უპირისპირდება რუსულ აგრესიას.
მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას.