ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯო ბაიდენი თუ არ დაესწრება შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს, ვლადიმერ პუტინი ფეხზე დგომით დაუკრავს ტაშს
თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ დაესწრება შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს, ვლადიმერ პუტინი ამას პირადად დაუკრავს ტაშს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძალიან სურს, სამიტს ჯო ბაიდენი დაესწროს.
„მე ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სამიტს, მაგრამ მე და თქვენ არ ვიცით, რა დონეზე. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება. მჯერა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სამშვიდობო სამიტს სჭირდება, სჭირდებათ სხვა ქვეყნების ლიდერებსაც, რომლებიც აკვირდებიან ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას. თუ ის არ დაესწრება სამიტს, ამას პუტინი ტაშს დაუკრავს, ფეხზე დგომით პირადად დაუკრავს ტაშს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სამშვიდობო სამიტზე დასწრებასთან დაკავშირებით უკრაინა პასუხს ასევე ელოდება ჩინეთიდან, ბრაზილიიდან და აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, სამიტზე დასწრების სურვილი 90-მდე ქვეყანამ უკვე დაადასტურა.
აშშ-ში განაცხადეს, რომ მათი ქვეყანა სამშვიდობო სამიტზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაემგზავრება შვეიცარიაში 15-16 ივნისს სამიტზე დასასწრებლად.