ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად ათ აპარატს ვანადგურებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად ათ აპარატს ვანადგურებთ

ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 აპარატს ვანადგურებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფინანსურად დაუჭირონ მხარი უპილოტო თვითმფრინავების საზღვაო ფლოტის შექმნის ინიციატივას.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კარგი სიახლეები უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით.

„დღეს იყო შეტყობინებები ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან. მათ გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ აწვდიდნენ თვითმფრინავებს რუსული ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგდებთ სულ მცირე ათ ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი აცხადებს, თითქოს ცოტა რაოდენობა გასცა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. ირანელი ინსტრუქტორები რუსებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი საერთოდ დუმს ამაზე. თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტული თანამშრომლობის გამოსაძიებლად და იმისთვის, თუ რას უხდის რუსეთი ირანს ამ თანამშრომლობისთვის. თანამედროვე სამყაროში ასეთი რამ არ იქნება, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ან მისი თანამზრახველი დაუსჯელი დარჩეს“, – თქვა ზელენსკიმ.