ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის შეხვდა, – შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ეს უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ნარენდა მოდისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი პირისპირ შეხვედრაა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაცია იყო.  ზელენსკიმ და მოდიმ ისაუბრეს ჰუმანიტარულ განაღმვასა და მობილურ ჰოსპიტლებზე, რომლებიც უკრაინას სჭირდება.

მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთს შესთავაზა, შეუერთდეს აღნიშნული გეგმის განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა თავი შეიკავა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობდა. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, მშვიდობიანი დიალოგი კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ჰიროსიმაში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან, აგრეთვე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. არსებული ცნობებით, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი გეგმავს უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას.

ინდოეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად, ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტს სტუმრების რანგში ასევე ესწრებიან ბრაზილიის, ინდონეზიის, ვიეტნამის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის ლიდერები.