ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატო-ში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი
გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატო-ში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც გასაგებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრებზე საუბარია, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ზელენსკის შეფასებით, ეს მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინაში მშვიდობა იქნება.
„ყველაზე მნიშვენლოვანია, რომ გვაქვს შედეგები, ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ სპეციფიკური მიმართულებები, რომლებიც ნატოსთან გვაახლოებს. რთულია, ზოგიერთი რამ აუხსნა პარტნიორებს, რადგან ჩვენ ვართ ომში, პარტნიორებს ნამდვილად სურთ ჩვენი დახმარება და გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გადარჩენაა მთავარი საკითხი და პარტნიორებს სურთ, დაგვეხმარონ, რომ ვიცოცხლოთ, მაგრამ მანამდე ჩვენ გვჭირდება გადარჩენა, სწორედ ეს გვაიძულებს სწრაფი პროცესისკენ. სამწუხროდ, ჩვენ ვიხდით საბოლოო საფასურს, ჩვენი სიცოცხლის საფასურს. ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ, ჩვენ ნათლად გვესმის, რომ პარტნიორები იარაღით გვეხმარებიან და ეს არის გადარჩენის მომენტი. გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც ლოგიკური და გასაგებია. მსურს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ცივილიზებული და ადეკვატური ხალხი ვართ. უკრაინა იბრძვის და გასაგებია, რომ ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე. შეხვედრებზე ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი და ვნახეთ სანდო განცხადებები, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. მე ასე მესმის, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენს მიწაზე მშვიდობა იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება.
„არ მჯერა ბუდაპეშტის მემორანდუმის უსაფრთხოების გარანტიების, რადგან ვერ ვიგებ მემორანდუმით უზრუნველყოფილ რაიმე პასუხისმგებლობას. მას არ აქვს სპეციფიკა, გარდა იმისა, რომ უკრაინას ჰქონდა ეს დოკუმენტი და დარჩა მარტო ამ დოკუმენტით. ჩვენ არ გვინახავს შედეგები ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობების დარღვევისთვის. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ის უნდა იყოს მოქმედი იქამდე, ვიდრე უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება. ჩენ გვესმის, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გარანტია ნატო-ს წევრობა იქნება. ამას აქვს კონკრეტული მაგალითები. ჩვენ ვერ ვხედავთ ომში მყოფ ნატო-ს წევრ ქვეყანას. ნატო-ს წევრობის გზაზე ჩვენ გვჭირდება გარანტიები მუდმივად, რაც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. გვსურს, გვქონდეს დოკუმენტი, რომ დახმარება არ გვქონდეს მხოლოდ პერსონალური ურთიერთობების საფუძველზე. უსაფრთხოების გარანტიები გახსნის ძლიერი ორმხრივი დოკუმენტების შესაძლებლობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.