ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის ბევრი ქვეყანა მზად არის, გადასცეს უკრაინას ტანკები, თუმცა ელოდება მათი მწარმოებელი ქვეყნების ნებართვებს
ევროპის ბევრი ქვეყანა მზად არის, გადასცეს უკრაინას ტანკები, თუმცა ელოდება მათი მწარმოებელი ქვეყნების ნებართვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბევრ ქვეყანას სურს, გადმოგვცეს ტანკები, თუმცა ელოდებიან შესაბამის დოკუმენტებს იმ სახელმწიფოებისგან, რომლებსაც ამის უფლება აქვთ. პოლონეთი მზად არის, ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობის ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ უკრაინა მათ შეიარაღებაში არსებული მცირე რაოდენობის ტანკებით. მზად იყვნენ, ეს აქამდეც გაეკეთებინათ. ჩვენ ყველა ველოდებით იმ ქვეყნის ნებართვას, რომელსაც ამა თუ იმ შესაბამისი ლიცენზიების უფლებები აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ზელენსკიმ იგულისხმა გერმანია, რომლის გადასაწყვეტია უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების გადაცემის საკითხი.
„ტანკების საკითხი აქტუალური რჩება. ის მრავალ მიზეზზეა დამოკიდებული და, სამწუხაროდ, არ არის დამოკიდებული უკრაინის სურვილზე. ჩვენ ვაწვებით პოლიტიკურად, თუმცა, რაც მთვარია ვაწვებით არგუმენტირებულად: რუსეთის ათასობით ტანკის წინააღმდეგ არ არის საკმარისი ჩვენი სამხედროების სიმამაცე და მოტივაცია. ჩვენ შესაბამისი იარაღი გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.