ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა რამდენიმე თვეში იქნება მზად
ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა რამდენიმე თვეში იქნება მზად

ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა რამდენიმე თვეში იქნება მზად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„არსებითი საუბარი მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირში წევრობაზე უკრაინის განაცხადზე მომზადდება რამდენიმე თვის განმავლობაში. უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიისთვის მიცემულია დავალებები. ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ ერთად მივდივართ“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აღადგენს და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მისი თქმით, უსამართლო და აგრესიული ომი ყოველთვის ძვირი უჯდება აგრესორს. მან აღნიშნა, რომ რაც არ უნდა დაემართოს რუსეთს, ეს არ ანუგეშებს უკრაინელებს, არ გააცოცხლებს დაღუპულებს, არ აღადგენს ქალაქებს და არ მოარჩენს სულიერ ჭრილობას, რომელიც უკრაინის მოსახლეობასთან მუდამ დარჩება.

„ხელახლა ავაშენებთ ყველაფერს, ამაში ეჭვი არ მეპარება. გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენი სახელმწიფოს თითოეული წარმომადგენელი ამისთვის 24/7-ზე მუშაობს, თუმცა ცხოვრება უკვე იქნება სხვანაირი, ათასობით გულის გარეშე, რომელთა ძგერაც ამ ომმა გააჩერა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.