ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მოისმინონ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ჯარისკაცების საჭიროებები და დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მოისმინონ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ჯარისკაცების საჭიროებები და დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენი საბრძოლო ბრიგადების სპეციფიკური საჭიროებები – რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის ყველა აღრიცხვა უნდა იყოს გაციფრულებული. ზოგადად, ჯარებში გაცილებით ნაკლები ქაღალდები უნდა იყოს და არ უნდა იყოს განსხვავება იმას შორის, რაც აღწერილია და რაც რეალურად სჭირდებათ ადგილზე ბიჭებს. თავდაცვის სამინისტრო ახლა აღრიცხვის სისტემას განაახლებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს დილიდან რუსეთი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებს დაესხა თავს.
„როდესაც უკრაინის ტერიტორიის ნაწილში სიჩუმე და შედარებითი სიმშვიდეა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიწა, ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც თითქმის მუდმივად ცეცხლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ამ ომის 565-ე დღეა, ყველა ჩვენგანი, თითოეული ჩვენგანი უკრაინაში, ისევე, როგორც პირველ დღეებში, ორიენტირებული უნდა ვიყოთ სახელმწიფოს დაცვაზე. რუსეთს არ ელოდება გამარჯვება. მტერს იმედი აქვს, რომ ჩვენ ვერ გავუძლებთ. უკრაინამ უნდა გაუძლოს. ყველაფერი, რაც გვაძლიერებს, პრიორიტეტულია და მხოლოდ ეს არის პრიორიტეტი. არანაირი დასვენება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაასუსტოს უკრაინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.