ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი
ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. საუბრის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, პირადი შეხვედრისას განიხილონ, თუ რა ნაბიჯებით არის შესაძლებელი, რომ მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი გახდეს.

„ვესაუბრე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა მისთვის რესპუბლიკური პარტიის მიერ კანდიდატად წარდგენა და დამეგმო პენსილვანიაში შოკისმომგვრელი თავდასხმა. მე ვუსურვე მას ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება მომავალში. აღვნიშნე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა. უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება აშშ-ის მისი დახმარებისთვის ჩვენი შესაძლებლობის გაძლიერებაში, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ტერორს. რუსეთის დარტყმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ყოველდღე გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, პირადი შეხვედრის დროს განვიხილოთ, რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ნამდვილად ხანგრძლივი”, – წერს ზელენსკი.

ზელენსკისთან საუბრის შესახებ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დონალდ ტრამპიც წერს. მისი განცხადებით, მას და უკრაინის პრეზიდენტს კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.

„მან მომილოცა რესპუბლიკური პარტიის ყრილობის წარმატებით ჩატარება და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა. მან დაგმო გასულ შაბათს განხორციელებული საძაგელი თავდასხმა და აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი ამ დღეებში ერთიანდება ერთობის სულისკვეთებით. მე ვაფასებ პრეზიდენტ ზელენსკის მომართვისთვის, რადგან მე, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მოვიტან მშვიდობას მსოფლიოში და დავასრულებ ომს, რომელმაც ამდენი სიცოცხლე იმსხვერპლა და გაანადგურა უამრავი უდანაშაულო ოჯახი. ორივე მხარე შეძლებს ერთად შეკრებას და მოლაპარაკებას შეთანხმებაზე, რომელიც დაასრულებს ძალადობას და გაიყვანს გზას კეთილდღეობამდე” , – წერს დონალდ ტრამპი.