ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი ადამიანი დაიღალა მსოფლიოში, ზოგი დაიღალა ბრძოლის ველზე, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი დაიღალა უკრაინის მხარდაჭერით, დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ეს ხანგრძლივი ომია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბევრი ადამიანი დაიღალა მსოფლიოში, ზოგი დაიღალა ბრძოლის ველზე, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი დაიღალა უკრაინის მხარდაჭერით, დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ეს ხანგრძლივი ომია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს, რომ ომი ჩიხშია შესული. ამის შესახებ მან NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ნამდვილად, დღეს სიტუაცია არის რთული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩიხია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა: „ისინი ფიქრობდნენ, რომ დაგვაშამათებდნენ, თუმცა ეს არ მომხდარა“. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა პირიქით – ინიციატივა უკრაინის ხელშია.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი კარგავს ათასობით სამხედროს და ასობით ერთეულ იარაღს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა განიხილავს სტრატეგიაში ცვლილებების შეტანას.

„ჩვენი სამხედროები ფიქრობენ სხვადასხვა გეგმაზე, სხვადასხვა ოპერაციაზე, რათა უფრო სწრაფად წავიდნენ წინ და მოულოდნელად დაარტყან რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა მან.

როგორც უკრაინის ლიდერმა ინტერვიუში განაცხადა, ეს არის ხანგრძლივი ომი.

„24 თებერვალს, როდესაც რუსეთი შეიჭრა ჩვენს ქალაქებში, ქვეყანაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ოჯახებში, თავს დაგვესხა ყველა ჩვენგანს, მსოფლიომ მოგვცა სამი დღე. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელსაც ნამდვილად სჯეროდა ჩვენი, თქვა ერთი თვე, სხვებმა თქვეს, რომ ეს მოხდებოდა ძალიან სწრაფად, თუმცა ახლა ჩვენ გესაუბრებით თქვენ, გავიდა თითქმის ორი წელი, ახლა ინიციატივა ჩვენს ხელშია. დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი მსოფლიოში დაიღალა, ზოგიერთი დაიღალა ბრძოლის ველზე, ზოგი დაიღალა სამსახურში, ზოგი დაიღალა საზღვარგარეთ, მათ სურთ დაბრუნება სახლში, ქმრებთან, თავიანთ სამხედროებთან, ევროპელი ლიდერებიდან ზოგიერთი დაიღალა უკრაინის მხარდაჭერით. დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ეს არის ხანგრძლივი ომი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ს, მიაწოდოს მეტი იარაღი უკრაინას.