ვოლოდიმირ ზელენსკი - დავადგენთ ყველას ვინაობას ვინც აწამებდა, დასცინოდა და ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა სისასტიკე
ვოლოდიმირ ზელენსკი - დავადგენთ ყველას ვინაობას ვინც აწამებდა, დასცინოდა და ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა სისასტიკე

დავადგენთ ყველას ვინაობას ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებულ იზიუმში გრძელდება ექსჰუმაციური სამუშაოები, ხოლო აღმოჩენილ ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხარკოვის რაიონში აღმოჩენილია ათობით ადგილი, სადაც რუსები უკრაინელებს აწამებდნენ.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე წამება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. ასე იქცეოდნენ ნაცისტები. ამას აკეთებენ რაშისტები და ისინიც ისევე აგებენ პასუხს – ბრძოლის ველზეც და სასამართლო დარბაზებშიც. ჩვენ დავადგენთ ყველას ვინაობას, ვინც აწამებდა, ვინც დასცინოდა, ვინც რუსეთიდან აქ, ჩვენს უკრაინულ მიწაზე ჩამოიტანა ეს სისასტიკე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ბრძოლის წინა ხაზზე არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინელები აგრძელებენ რუსების განდევნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„წინა ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განვლილი დღის განმავლობაში. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვის ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია თანდათან, ეტაპობრივად დევნიან რუსებს ჩვენი მიწიდან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჯერ კიდევ გვჭირდება ძალისხმევა, ჯერ კიდევ გვჭირდება სრული კონცენტრირება დაცვაზე და მთელი ძალების შენარჩუნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.