ვოლოდიმირ ზელენსკი - დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება, რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე
ვოლოდიმირ ზელენსკი - დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაცია გრძელდება, რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე

რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, წყალდიდობის ზონიდან ადამიანების ევაკუაციის პროცესი გრძელდება.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფოს საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აგროვებს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რა ზიანი მიაყენა რუსეთმა უკრაინას კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად.

„40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია. ბევრ ქალაქსა და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია. რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინაშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.