ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერს წაართვან უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების სურვილი, რუსული ჯარების დანაკარგები კოლოსალურია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერს წაართვან უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების სურვილი, რუსული ჯარების დანაკარგები კოლოსალურია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარტყმა, რომელიც უკრაინელებმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიაყენეს, ათწლეულების განმავლობაში არ მიუღია.

როგორც ზელენსკიმ მორიგ მიმართვაში განაცხადა, რუსი სამხედროები უკვე ჯგუფებად ნებდებიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ჯგუფებად ცდილობენ, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში გადასვლას. პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 360-ზე მეტი ტანკი, 1 200-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 60 თვითმფრინავი და 80-ზე მეტი შვეულმფრენი დაკარგეს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერს წაართვან უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების სურვილი. რუსული ჯარების დანაკარგები კოლოსალურია. მე-17 დღეს დამპყრობელთა დანაკარგების დინამიკა უკვე ისეთია, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსული არმიისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას ელოდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ევროპელებთან ერთად მუშაობას ორი მიმართულებით. პირველი არის უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ ვმუშაობთ ევროკომისიასთან, რათა შევთანხმდეთ ყველა პროცედურაზე ევროკავშირისკენ რაც შეიძლება სწრაფად მსვლელობისთვის. მეორე – მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული სანქციებია. ჩვენ ველოდებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ახალ პაკეტს, რათა მათ გაიგონ, რომ მათი ეკონომიკა ამ ომს უბრალოდ ვერ გადაურჩება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მოუწოდა არ შეამცირონ წინააღმდეგობა, რადგან მისი თქმით, რუსეთი ახალი სამხედრო კოლონების შეყვანას ცდილობს უკრაინაში.

„უკრაინელებო, მსურს, რომ სწორად გამიგოთ. შესანიშნავი წარმატებები გვაქვს. უკვე ისტორიაში შევიდა ის, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევს უკრაინელი ხალხი ამ დამპყრობლებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევამციროთ თავდაცვის ინტენსივობა. რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევამციროთ ჩვენი წინააღმდეგობის ენერგია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.