ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი უნდა იყოს, რომ მივაღწიოთ ყველა საჭირო შედეგს, ამისთვის მომზადებულია საკადრო გადაწყვეტილებები, ცვლილებები იქნება პრეზიდენტის ოფისშიც
რუსეთის მხრიდან დარტყმები შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენთვის შესაძლებელი გახდება იარაღის განადგურება იქ, სადაც არიან განთავსებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
„სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო. ამ დროისთვის დაშავებულია 271 ადამიანი. ვიცით, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია. ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. არსებული ინფორმაციით, რუსული დარტყმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს. სამართალდამცავი ორგანოები და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ტრაგედიის ყველა გარემოებას იძიებენ. რუსებმა ეს დარტყმა ორი ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. იყო საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი. სხვა ყველაფერი, ყველა დეტალი უნდა დადგინდეს და დადასტურდეს გამოძიების დროს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინამ ყველა საჭირო შედეგს მიაღწიოს.
„შემოდგომა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს ისეთი, რომ უკრაინამ მიაღწიოს ყველა იმ შედეგს, რაც გვჭირდება. ამისთვის კი მომზადებულია საკადრო გადაწყვეტილებები. ცვლილებები პრეზიდენტის ოფისშიც იქნება. ასევე, ველოდები, რომ ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის გარკვეულ სფეროებს ცოტა განსხვავებული აქცენტი ექნებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.