ვოლოდიმირ ზელენსკი - გავუძელით ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეს, არ ავწიეთ თეთრი დროშა, დავიწყეთ ცისფერი და ყვითელი დროშის დაცვა, არ დავნებდით, ვიცით, რომ ყოველი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - გავუძელით ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეს, არ ავწიეთ თეთრი დროშა, დავიწყეთ ცისფერი და ყვითელი დროშის დაცვა, არ დავნებდით, ვიცით, რომ ყოველი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით უკრაინელ ხალხს მიმართა.

„ერთი წლის წინ ამავე ადგილიდან დაახლოებით დილის 07:00 საათზე მოგმართეთ მოკლე განცხადებით, რომელიც სულ რაღაც 67 წამი გრძელდებოდა. ვთქვი ორი რამ, რომელიც ყველაზე მთავარი იყო მაშინ და ახლა. ის, რომ რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ის, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ჩვენ ყველას დავამარცხებთ, რადგან ჩვენ უკრაინა ვართ. ასე დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალი – ჩვენი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი დღე, ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე რთული დღე. ჩვენ ადრე გავიღვიძეთ დ ამის შემდეგ არ გვიძინია.

ვიღაცას ეშინოდა, ვიღაც შოკში იყო, ვიღაცამ არ იცოდა, რა ეთქვა, თუმცა ყველა გრძნობდა, რა გაეკეთებინა. გზებზე გაჩნდა საცობები, თუმცა ბევრი იარაღის ასაღებად მიდიოდა. ბევრი იდგა საზღვარზე, თუმცა ბევრი – სამხედრო კომისარიატებთან. ჩვენ არ ავწიეთ თეთრი დროშა, არამედ დავიწყეთ ცისფერი და ყვითელი დროშის დაცვა. არ შევშინდით, არ გავტყდით, არ დავნებდით. ამის სიმბოლოდ იქცნენ ზმეინის კუნძულის მესაზღვრეები და მარშრუტი, რომლითაც მათ რუსული სამხედრო გემი გაუშვეს. ჩვენი რწმენა და სულისკვეთება გაძლიერდა. ჩვენ გავუძელით ფართომასშტაბიანი ომის პირველ დღეს. არ ვიცოდით, რა იქნებოდა ხვალ, თუმცა ზუსტად ვიცოდით: ყოველი მომავალი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ ვიბრძოდით, ყოველ დღეს ბრძოლით მოვიპოვებდით. ჩვენ გავუძელით მეორე დღესაც, შემდეგ მესამეს. ჩვენ გვემუქრებოდნენ, რომ 72 საათში არ ვიარსებებდით, თუმცა ჩვენ გავუძელით მეოთხე დღესაც, შემდეგ მეხუთეს, დღეს კი ვდგავართ ზუსტად ერთი წელი. ამ დრომდე ვიცით, რომ ყოველი ხვალინდელი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარიუპოლის სამშობიაროს, დრამატული თეატრის, ხარკოვის თავისუფლების მოედნის, კრამატორსკის სადგურის დაბომბვის, ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში ჩადენილი სისასტიკეების შემდეგ, მსოფლიომ ნათლად გააცნობიერა, რას ნიშნავს სინამდვილეში „რუსული მშვიდობა“.

ზელენსკის განცხადებით, მსოფლიომ დაინახა, რა შეუძლია უკრაინას, რომელმაც მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია შეაჩერა.

„უკრაინამ გააოცა და შთააგონა მსოფლიო. უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო. ამის დასტურად შესაძლებელია ათასი სიტყვის თქმა, თუმცა რამდენიმეც საკმარისია. Himars, Patriot, Abrams, IRIS-T, Challenger, NASAMS, Leopard. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, მოკავშირესა და მეგობარს, რომელიც ჩვენ გვერდით დგას მთელი წელია. მოხარული ვარ, რადგან პუტინის საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიცია გაიზარდა იმდენად, რომ ცალკე მიმართვას საჭიროებს. ამას აუცილებლად გავაკეთებ უახლოეს დროში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა უკრაინელმა ვიღაც დაკარგა – მამა, შვილი, ძმა, დედა, და, საყვარელი ადამიანი, ახლო მეგობარი, კოლეგა, მეზობელი, ნაცნობი.

„თითქმის ყველას ტელეფონს აქვს, სულ მცირე, ერთი კონტაქტი, რომელიც აღარასდროს უპასუხებს. არ უპასუხებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას – „როგორ ხარ?“ ამ ორმა მარტივმა სიტყვამ ომის ერთი წლის განმავლობაში ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ყოველდღიურად მილიონობით უკრაინელი წერდა და უსვამდა ახლობლებს, ნათესავებს ამ შეკითხვას. ყოველდღე ვიღაცას არ უბრუნდებოდა პასუხი. ყოველდღე ოკუპანტები კლავდნენ ჩვენს ახლობლებსა და ნათესავებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ მოისვენებს, ვიდრე რუსი მკვლელები საერთაშორისო ტრიბუნალის დამსახურებულ სასჯელს არ მიიღებენ.

„ზაფხულში ჩვენ ეს ვიგრძენით. ჩვენ ომის 100 დღე გავიარეთ. მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დავიბრუნეთ ზმეინი, გავიგონეთ პირველი აფეთქება ყირიმში, დავინახეთ ფეიერვერკები ოკუპანტების საწყობებში და ანტონოვის ხიდი. აგვისტო გახდა პირველი თვე, როდესაც ოკუპანტებმა ვერცერთი უკრაინული ქალაქი ვერ აიღეს. დენაციფიკაციის შესახებ მუქარები და ულტიმატუმი კეთილი ნების ჟესტებმა შეცვალა. მაშინ ჩვენ ვიგრძენით: ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ის ახლოს არის და ის იქნება. შემდეგ იყო შემოდგომა და კონტრშეტევა. იზიუმის, ბალაკლეის, კუპიანსკის, ლიმანის, ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის გათავისუფლება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპაციაში მყოფ უკრაინელებს მიმართა.

„უკრაინამ თქვენ არ დაგტოვათ, არ დაგივიწყათ, არ თქვა თქვენზე უარი. ასე თუ ისე, ჩვენ ყველა ჩვენს მიწას გავათავისუფლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინა აღდგეს. მივმართავ ყველას, ვინც იმყოფება საზღვარგარეთ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინაში დაბრუნდეთ, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მოსახლეობამ გაუძლო ყველა მუქარას, იერიშს, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, „კამიკაძე დრონებს“, ელექტროენერგიის გათიშვას და სიცივეს.

„ეს გახლდათ სიმტკიცის წელი. ეს იყო მხარდაჭერის, სიმამაცის, ტკივილის, იმედის წელი. გამძლეობის, ერთიანობის, უძლეველობის წელი. მისი მთავარი შედეგი – ჩვენ გავუძელით, არ დავმარცხდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ წელს გამარჯვება მოვიპოვოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.