ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენცია გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა. ის მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართავს და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რუსული საჰაერო ტერორის პირობებში უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის გადაუდებელი გადაწყვეტილებების შესახებ მსჯელობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი უკრაინის მხარდაჭერის, საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ ისაუბრებენ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება გერმანიის პრეზიდენტსა და ბუნდესტაგის პრეზიდენტს. ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს.