ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულება, ყოჩაღ, მეომრებო, ვხედავთ, როგორ ისტერიულად აღიქვამს რუსეთი იქ ჩვენს ყველა ნაბიჯს, ჩვენ მიერ დაკავებულ ყველა პოზიციას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ბახმუტის მიმართულების სამხედროებს მიღწეული წარმატებებისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მადლობელი ვარ ჩვენი თითოეული მეომრის, ყველა ჩვენი დამცველის, ვინც დღეს მოგვაწოდა სწორედ ის სიახლეები, რომლებსაც ველოდებით. ბახმუტის მიმართულება – ყოჩაღ, მეომრებო. ჩვენ ვხედავთ, როგორ ისტერიულად აღიქვამს რუსეთი იქ ჩვენს ყველა ნაბიჯს, ჩვენ მიერ დაკავებულ ყველა პოზიციას. მტერმა იცის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ისინი ამას ხედავენ. ისინი ამას გრძნობენ თქვენი დარტყმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განსაკუთრებით აღნიშნა მეხუთე მოიერიშე ბრიგადა და საზღვაო-ქვეითთა 57-ე ბრიგადა, რომლებიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „წინ მიიწევენ“.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვთ.