ვოლოდიმირ ზელენსკი - ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება
ზელენსკი მოუწოდებს ბაიდენს უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებლივ მიწვევისკენ, თუნდაც ალიანსში გაწევრიანება ომის დასრულებამდე არ მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბაიდენი მხარს უჭერს ჩვენს მომავალს ნატო-ში, მაგრამ ახლა უკრაინის ალიანსში მიწვევა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მას ესმის, რომ უკრაინა ვერ გაწევრიანდება ნატო-ში ომის დასრულებამდე, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ მომავალში უკრაინა ნამდვილად მოკავშირეების გვერდით იქნება.
„სიენენთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არის გადაწყვეტილების მიმღები, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში.
„ჩვენ ყველაფერი გვესმის, მაგრამ ეს სიგნალი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია ბაიდენის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.